თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური პროექტის შემუშავების მიზნით კონკურსი მეორედ გამოაცხადა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ტენდერი პირველად გზების მშენებლობის პროექტზე 2018 წელს სამ ეტაპად გამოცხადდა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით ჩავარდა. ამჯერად ხელისუფლებამ ტენდერის წესების შეცვლა გადაწყვიტა. პროექტის წინასწარი ღირებულებაა 9,7 მილიონ ლარზე მეტი.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე უწყება შეაფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას და პრეტენდენტების სხვა საკვალიფიკაციო მონაცემებს, ხოლო მეორე ეტაპი ფინანსური წინადადებების შეფასებას ითვალისწინებს. ეს ფორმატი მიმართულია პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანისა და შესყიდვის გამჭვირვალობისკენ.
ანაკლიის პორტთან ახლოს ახალ ქარხანას ააშენებენ>>
კონკურსის გამოცხადების ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვების პრაქტიკის გათვალისიწნებით.
კომპანიასთან, რომელიც საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეთანხმებას მარტის ბოლომდე გააფორმებს.
ანაკლიის პორტი – როგორი იქნება იგი
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედის SSA Marine (აშშ) , British Wondernet Express–ის (ცენტრალური აზია), G-Star Ltd. (ბულგარეთი) პორტის ოპერატორი.
პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება.
მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის — პირველ ეტაპზე პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.
კონსორციუმის მონაცემებით, ყველა, ცხრა ფაზის ამოწურვის შემდეგ პორტი შეძლებს 100 მლნ-ზე მეტი ტონა ტვირთის მიღებას. ყველა ეტაპის განხორციელებისთვის 50 წელზე მეტი იქნება საჭირო.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.