თბილისის მეტრო უფრო კომფორტული ხდება

თბილისის მერია მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად კომფორტული გახდეს.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროს მგზავრებს კიდევ ორი განახლებული, ოთხვაგონიანი შემადგენლობა მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თებერვლის დასაწყისიდან მეტროს მგზავრებს დამატებით ორი განახლებული მატარებელი ემსახურება. პირველი ოთხვაგონიანი შემადგენლობა პირველ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე, ხოლო მეორე სამვაგონიანი – საბურთალოს ხაზზე მოძრაობს.

მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლება გაიყიდა

„თებერვლის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინიც უკვე მზად არის", – განაცხადა კალაძემ.

წლის ბოლომდე თბილისის მეტროში კიდევ რვა განახლებული შემადგენლობა გაჩნდება, რაც მატარებლებს შორის ინტერვალის შემცირებას გახდის შესაძლებელს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პიკის საათშია, აღნიშნა მერმა. ამასთან, პირობა იყო დადებული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა განახლებული, დასძინა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო წლის განმავლობაში თბილისის მეტროში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის ფარგლებში ახალი შემადგენლობები კაპიტალურად განახლდა, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, ის მართვის თანამედროვე პულტით აღჭურვეს. ძველი განათება ახლით შეიცვალა, დამონტაჟდა გარე და შიდა დაკვირვების კამერები. მგზავრების მეტი კომფორტისთვის ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური მონიტორები და USB მოწყობილობები მობილური ტელეფონების დასამუხტად.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.