ჩვენი სხეული უამრავ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და ინახავს. ის საშუალებაა, რომლითაც გარე სამყაროში ვარსებობთ და რომლითაც ამ გარე სამყაროსთან გვიწევს ურთიერთობა. დაბადებიდან ის დაუღალავად გვემსახურება. მასთან კონტაქტს შეხებითა და სხვადასხვა შეგრძნებებით ვამყარებთ. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც სხეული ტკივილის ენით გველაპარაკება? რამდენად გვესმის მისი, რა უნდა ან რას გვატყობინებს ამით?
რა არის ტკივილი?
ტკივილის აღქმა სხეულებრივი ფენომენია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი დისკომფორტია, რომელიც მიანიშნებს ადამიანის ელემენტარულ დამოკიდებულებას საკუთარი სხეულის მიმართ, რომელიც თავს იჩენს გარეგანი ან შინაგანი დაზიანებების დროს, რომლის განეიტრალებას ან გაქრობას ძირითადად მედიკამენტებით ვცდილობთ. თუმცა, ჩვეულებისამებრ შედეგი რამდენად ხანგრძლივია, ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ტკივილი – ეს არის სხეულის დაჟინებული გაფრთხილება საკუთარ თავზე ყურადღების გასამახვილებლად, ამიტომ მნიშვნელოვნია ვიცოდეთ, რა იმალება ტკივილის მიღმა, რას გვეუბნება ჩვენი სხეული ამით.
თუმცა, ტკივილი ყოველთვის ავადმყოფური წარმოშობის არაა, ის ცხოვრებისეული მოვლენების ნაწილიცაა (ჩვენი ამქვეყნად მოვლინება დედებისთვის აუტანელ ტკივილებთანაა დაკავშირებული).
თავის ტკივილი
ყოველდღიური სტრესებისა და გადაღლის ფონზე თავის ტკივილი საკმაოდ ხშირი და ბევრი ადამიანისთვის უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.
თავის ტკივილი ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე ადრეული სიგნალია იმის შესახებ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.
მაგალითად, როდესაც გადატვირთული დღის რეჟიმის ფონზე საქმის ბოლომდე მიყვანა გაქვთ გადაწყვეტილი და გრძნობთ თავის ტკივილს, რა ხდება ამ დროს? ეს სიგნალია – თავი გტკივათ იმის გამო, რომ გესაჭიროებათ განტვირთვა. ამ გზით თქვენი ქვეცნოებიერი ცდილობს დაგიცვათ თვითგანადგურებისგან.
თავის ტკივილი სტრესული გარემოებების გარდა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ნევროტული მიზეზით. ის შესაძლოა იყოს გარეგანი ან შინაგანი პროცესების კონფლიქტით გამოწვეული. თუ განვიხილავთ პიროვნების სურათს, თავის ტკივილი ძირითადად დამახასიათებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ აღიარების ძლიერი სურვილი. თავის ტკივლის მქონე პაციენტების ცხოვრებისეული გარემოს შესწავლა ხშირად საშუალებას იძლევა დადგინდეს კავშირი თავის ტკივილის შეტევებსა და ტიპურ ეპიზოდებს შორის, რითიც წარმოდგენილია ავადმყოფის ყოველდღიური ცხოვრება და სოციალური გარემო.
როგორი ფსიქოლოგიური შინაარსი წარმოქმნის თავის ტკივილს?
თავი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არის სხეულის „უმაღლესი“ ნაწილი, რომელშიც არის ტვინი და გრძნობის ორგანოები.
თუ ადამიანის თავი გამუდმებით განიცდის ზეწოლას (სამუშაო ზეწოლას), მაშინ ადამიანის ორგანიზმი იღებს სიგნალს. იმისათვის, რომ შეწყდეს ეს ზეწოლა, მან უნდა დაიწყოს „ტკივილი“. ამ დროს თავის ტკივილი არის განტვირთვისათვის საუკეთესო შესაძლებლობა.
მეტიც, თუ ადამიანს სურს თავი აარიდოს უსიამოვნო შეხვედრას, ან დაგროვილი აქვს ბრაზი, არ ან ვერ გამოხატავს მას, რადგან უფრთხილდება ურთიერთობებს, არ სურს ირგვლივ მყოფებს შეხედულება შეეცვალოთ მასზე, ან უწევს ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და იძულებითაა და ა.შ., ყველა ეს შინაარსი სხეულში განაგრძობს არსებობას. ადამიანი მათ აკავებს, ფარავს, სხეულს კი ნეგატიური ენერგიისგან დაცლა ესაჭიროება. ამიტომ იგი ამ განცდებს თარგმნის როგორც ტკივილს და შედეგადად ბრაზი და უკმაყოფილება გამოიხატება ძლიერი თავის ტკივილით, რაც ამ კონკრეტული ადამიანისთვისაც და მის ირგვლივ მყოფებისთვისაც, როგორც წესი, უფრო ადვილად მისაღები და გასაგებია.
აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილის მქონე ადამიანები ხასიათდებიან გარკვეული პიროვნული თვისებებით, რომელიც აძლიერებს გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების აღქმას. ასეთ ადამიანებს სურთ აკეთონ ყველაფერი არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ: დიდი ამბიციები, კეთილსინდისიერება, გაზრდილი ემოციურობა, სიტუაციაში გარკვევის სირთულე, მოწონებისა და აღიარების ძლიერი მოთხოვნილება, ალტრუიზმი, ხშირად შეუსაბამო.
შედეგად: სახეზეა ქრონიკული სტრესი. ასეთ ადამინებს აქვთ თავდაცვის არასაკმარისი უნარი სხვებისგან წამოსული მოთხოვნების მიმართ. აქვთ დანაშაულის ძლიერი განცდა, ამიტომ ხშირად გაურბიან რთულ დავალებებს და სწრაფად ნებდებიან, აქვთ თვითშეფასების პრობლემები, რითიც ხშირად უჭირთ კომფორტულად იგრძნონ თავი სოციუმში.
თავის ტკივილის მქონე ადამიანის კარჩაკეტილი ცხოვრება შესაძლოა გახდეს მისი მდგომარეობის შედეგი, რადგან რთულია იყო სასიამოვნო ურთიერთობებში, როცა თავს გაბეზრებს მუდმივი თავის ტკივილი.
სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა თავისთავად ითვლება სტრესულ ფაქტორად, რასაც შეუძლია გაზარდოს თავის ტკივილის განვითარების რისკები. მარტოსულობისა და მიტოვებულობის შეგრძნება შესაძლოა იყოს შეუმჩნეველი, მაგრამ თავის ტკივილისადმი მნიშვნელოვანი განწყობა ბიოლოგიურად უკვე არსებობს ასეთ ადამიანებში.
ასეთი სტრესული ფაქტორი კი შესაძლოა იყოს: წარუმატებელი ქორწინება, მუშაობა მომთხოვნ და მკაცრ უფროსთან, დიდხნიანი წარუმატებლობა და უბედური ცხოვრება ოჯახთან, ის სტრესები, რომლებიც ხდება ქრონიკული ხასიათის ან დაუძლეველი.
ფსიქოსომატური თავის ტკივილის მქონე პაციენტების მკურნალობა ანალგეტიკებით არაადეკვატურია, თუ სიმპტომატიკის საფუძველში არის შინაგანი ან გარეგანი დაძაბულობა, რომელიც მიუწვდომელია თავად პაციენტის აღქმისთვის, ანუ გაუცნობიერებელია ტკივილების რეალური მიზეზი, რომელიც მის ქვეცნობიერში იმალება. კონფლიქტის დამუშავება უნდა წარიმართოს, როგორც წესი, ფსიქოთერაპიის ფარგლებში, რომლის ეფექტურობა ხშირად იზრდება თანმხლებ ფსიქოფარმაკოლოგიურ დახმარებასთან ერთად.
რეკომენდაციები:
• ნუ გეშინიათ ისაუბროთ და გამოხატოთ ემოციები. ეს უკეთესია, ვიდრე საკუთარ თავში დააგროვოთ ნეგატიური გამოცდილებები.
• გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობების საზღვრები. თქვენ შესაძლოა ვერ მიაღწიოთ ცამდე, მაგრამ ნუ გექნებათ დანაშაულის განცდა იმის გამო რომ არ გაქვთ ფრთები. იმუშავეთ იმ რესურსებითა და უნარებით, რომლებიც გაქვთ და ეცადეთ მიიღოთ სიამოვნება საქმისგან.
• ნუ ეცდებით ასიამოვნოთ ყველას, ამის არანაირი ვალდებულება არ გაკისრიათ. ეს საკუთარი თავის მოტყუებაა.
• იფიქრეთ პოზიტიურად. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ რაღაც არ გაქვთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა გაქვთ სამაგიეროდ და იმუშავეთ თვითგანვითარებაზე.
• გაიღიმეთ და გაიცინეთ ხშირად. კვლევები გვიჩვენებს, რომ ამით იზრდება ენდორფინების გამოყოფა. ღიმილი ამაღლებს თქვენ სულიერ მდგომარეობას.
• იტირეთ ხშირად, ბევრი ფსიქოლოგი ამბობს, რომ ტირილი საუკეთესო გზაა სტრესის მოსახსნელად.
• მოდუნდით. თავის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს მხრებისა და ყელის არეში კუნთების დაძაბულობით, მათი მოდუნება კი შესაძლოა ეფექტური საშუალება იყოს ტკივილის წინააღმდეგ.
თავის ტკივილის თავიდან ასარიდებლად, რომელიც ემოციური სტრესებითაა გამოწვეული, აუცილებელია მყარად გქონდეთ ჩამოყალიბებული პიროვნული საზღვრები. გათავისუფლდით ქრონიკული საჭიროებებისგან, ნუ ეცდებით თავი მოაწონოთ ყველას და აკეთოთ სხვებისთვის მისაღები საქმე. თქვენ შოკოლადი არ ხართ, რომ ყველას უყვარდეთ. უმჯობესია პიროვნულად განვითარდეთ, გესმოდეთ და პატივს სცემდეთ საკუთარ თავს.