საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ვიზიტი დასრულდა

მერსედეს ვერა-მარტინის სიტყვებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის რეფორმები ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და სამუშაო ადგილების შექმნას, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს>>>

საქართველოში ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარებისა და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით თბილისში 2019 წლის 20-26 თებერვლის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა.

„2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემები გვიჩვენებს, რომ უფრო სუსტი შიდა მოთხოვნა წლის ბოლოსთვის დიდწილად დაბალანსებული იქნა ექსპორტისა და ტურიზმის ზრდით. 2018 წელს მშპ-ის მიმართ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8%-მდე შემცირდა 2017 წელს 8,8%-დან", – ციტირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა-მარტინის სიტყვებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „თიბისი" ბანკისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს

იგი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ საგარეო რისკებისგან დაზღვევის მიზნით ბუფერების ზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას უცხოური ვალუტის შესყიდვით, მათ შორის ოფციონების მეშვეობით.

„გასულ წელს ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ-ის 2,5% შეადგინა, თუმცა, ბიუჯეტის ხარჯვის დიდი ნაწილი წლის ბოლოს იქნა გაწეული, რათა წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დაბალანსებულიყო", – განაცხადა ვერა-მარტინმა.

სსფ-ის მისიის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბლაა შენარჩუნებული. დაბალი ინფლაციის მოლოდინის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია და საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

„საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდურია და მომგებიანია. ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ხანს გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას – განამტკიცოს საფინანსო სექტორის სტაბილურობა", – აღნიშნა მისიის ხელძღვანელმა.

მისი სიტყვებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,6%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

„მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს უფრო ნაკლებ საგარეო მოთხოვნას და დაკრედიტების დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევისა და მართვის პრაქტიკა", – მიაჩნია ვერა-მარტინს.

ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო ვაჭრობაში დაძაბულობა და დაკრედიტების მოსალოდნელზე უფრო მკვეთრი შენელება. რისკების გადასალახად საჭიროა ფრთხილი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების ზრდა.

„ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს საგარეო შოკების მიმართ ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა. ახლანდელი ეკონომიკური გარემო საშუალებას იძლევა განათლების სისტემისა და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამუშაო ადგილების შექმნას და ამით საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას", – აღნიშნა სსფ-ის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების პირობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიიღებს.

მესამე მიმოხილვა 2018 წლის დეკემბერში გასაჯაროვდა, მეოთხე მიმოხილვის მომზადება სსფ-ის შემდგომი ვიზიტის ფარგლებში მოხდება, რომელიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისშია დაგეგმილი.