„თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

ქართულ ავიაქარხანა „თბილავიამშენში" საწარმოო პროცესი შეჩერებულია.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყეს და ხელფასების მომატებისა და პრემიალური სისტემის დანერგვის მოთხოვნით ავიაქარხნის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

„თბილავიამშენის" ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს. დღეს იგი სახელმწიფოს საკუთრებაა და ძირითადად სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებითა და რემონტითაა დაკავებული.

„თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

დღეისათვის თანამშრომლების ხელფასი 500-დან 1,2 ათას ლარამდეა. აქციის მონაწილეები მინიმალური ხელფასის 1 ათას ლარამდე გაზრდას და დანამატს მოითხოვენ.

„თქვენს წინაშეა „თბილავიამშენის" კოლექტივი, რომელიც გაიფიცა რამდენიმე მოთხოვნის გამო. პირველი – ხელფასების ადეკვატური მატება, რაც შესაბამისი იქნება შესრულებულ სამუშაოსთან და მეორე – პრემიალური სისტემის დანერგვა, რისი პირობაც ჩვენ მივიღეთ დამსაქმებლისგან. სამი თვის განმავლობაში ეს პირობა არ შესრულდა. მივედით უკიდურეს ზომამდე", – განაცხადა ავიაინჟინერმა ოთარ ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა, რაშიც ჩართული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც, არანაირი შედეგი არ გამოიღო.

„თბილავიამშენის" თანამშრომლები გაიფიცნენ

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გაფიცულებს მხარდაჭერას პროფკავშირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უცხადებენ.

ამ ეტაპზე ქარხნის მუშაობა შეჩერებულია. საწარმოში 100-ზე მეტი თანამშრომელია, ამ დროისთვის დილის ცვლაა გაფიცული.

აქციის მონაწილეები გაფიცვის გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, განაცხადა ავიაინჟინერმა ბახტაძემ.