პროკურატურამ საპატრიარქოს მამალაძის საქმის გასაჯაროებაზე უარი უთხრა

პროკურატურამ უარით უპასუხა გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროების შესახებ საპატრიარქოს მოწოდებას.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უარი განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შესრულებაზე – დაუშვას გამონაკლისი და გაასაჯაროოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის არის მსჯავრდებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ციანიდის საქმე: საპატრიარქო პროკურატურას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს>>>

სამშაბათს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც პროკურატურას გამონაკლისის დაშვებისკენ და გამოძიების მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა, რათა „თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა". განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო გამოძიების პროცესში მხარე არ ყოფილა, განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

საპატრიარქომ აღნიშნა, რომ მამალაძის, მისი ადვოკატებისა და მომხრეების მოქმედება იწვევს ეჭვს, რომ განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართული ხასიათი აქვს და რომ მათი მიზანი არა მამალაძის დაცვა, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელებაა.

საპატრიარქოში ასევე წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ მამა გიორგი და მისი ოჯახის წევრები ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითიც ხელი შეუწყვეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ვითარების შექმნას.

თებერვლის დასაწყისიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო აქციას მართავს და საკუთარი ძმის ზიარებას მოითხოვს. საბოლოოდ მამა გიორგი საავადმყოფოში აზიარეს, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს იქ მაღალი წნევით მოხვდა. ერთი კვირის შემდეგ ექიმებმა მას დისოციატიური მოტორული აშლილობა დაუდგინეს და მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად შესაბამისი რეკომენდაციებით ციხის საავადმყოფოში გაწერეს.

„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა">>>

ახლა თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსგან დეკანოზის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტთან შუამავლობას ითხოვს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.