ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს სუპერთასის მფლობელია

ქუთაისელებმა საპატიო თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის საფეხბურთო კლუბი საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა. ამ სეზონიდან სუპერთასი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელს ატარებს.

გორში გამართულ მატჩში „ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით 1:0 ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „საბურთალოს" მოუგო.

შეხვედრა საკმაოდ მდორე ტემპში დაიწყო, თუმცა, შესვენების შემდეგ ტორპედოელები გააქტიურდნენ. ამან შედეგი გამოიღო და 70-ე წუთზე, როდესაც თენგიზ ცინცაძემ საჯარიმო გაათამაშა, მერაბ გიგაურმა ბურთის ბადეში შეგდება მოახერხა.

კახაბერ ჩხეტიანის გუნდი სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 2019 წლის 1 მარტს იწყება. ქუთაისის „ტორპედო" პირველ მატჩს ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ 2 მარტს გამართავს.