მარნეულში მამიდის მკვლელობისთვის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა შეუფარდეს

მამაკაცი სამართალდამცველებმა 2018 წლის 16 დეკემბერს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მკვლელობა მარნეულში - იძებნება ეჭვმიტანილი

მკვლელობა 2018 წლის 10 დეკემბერს მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში მოხდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.მ.-მ, რომელიც ნაწყენი იყო მამიდაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ქალს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც იგი წაიქცა, ტახტს თავი მიარტყა და გონება დაკარგა.

„ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ბ.მ. სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც ქალი გონს მოვიდა. ბრალდებულმა კი, განზრახ მოკვლის მიზნით მამიდას თავისა და სახის არეში ხის ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი 2018 წლის 16 დეკემბერს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.