საქართველოში პედოფილებს უვადო პატიმრობა ელით

საქართველოში შეიქმნება სექსუალური დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირთა მონაცემთა ბაზა
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უვადო პატიმრობის შემოღებას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის გასამართლებულ პირთა მიმართ, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

მძიმე სტატისტიკა: საქართველოში სამ წელიწადში 500-ზე მეტი ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი >>

დღეისათვის მსგავსი დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტი უკვე გადაეცა მთავრობას, რომელიც უახლოეს დროს მას პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

„პედოფილიაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის ნაწილში. გავამკაცრეთ სანქციები და არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში ჩამდენი პირის მიმართ უვადო თავისუფლებაც აღკვეთაც იქნება გათვალისწინებული. ეს ადრე ასე არ იყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

უვადო პატიმრობის შემოღების გარდა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ პირთა მონაცემთა ბაზის შექმნას, რომლებიც სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის გაასამართლეს.

პედოფილ მწვრთნელს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა

„შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ბაზა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა ვაკონტროლოთ მას შემდეგ რაც ისინი სასჯელს მოიხდიან. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება მსგავსი დანაშაულის ზრდას უკავშირდება. ასე, მაგალითად, იანვრის მონაცემების მიხედვით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,18%-ით გაიზარდა.

„არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, ოჯახი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მანდატური მოგვმართავს, რაც ასე ვიტყვი, რომ დადებითი ტენდენციაა, რადგან ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცნობიერების დონე ამაღლდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყაზახეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას ჩაუტარებენ >>

შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით პოლიციამ 116 პირი ამხილა, მათგან ოთხი პირი მხილებული იყო გაუპატიურებაში, ორი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში, ხოლო 86 ადამიანი კი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში. კიდევ ორი პირი „სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებების“ ჩადენაშია ბრალდებული.