თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ერთ-ერთ რვასართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული კორპუსის სადარბაზოში 52 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ არის.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ხანძრის შედეგად დაიწვა 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა. დამწვარია ელექტროსადენები და ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის მინები. ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ასევე, მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.