თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მამაკაცის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე. წ. აბრეზი და სხვადასხვა კალიბრის 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მეორე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.