ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ეწვევა

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე  ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება
Sputnik

 

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 25-26 თებერვალს  ავსტრიის  რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას, ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ ინგო აპპეს და ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. 

თბილისში საქართველო–ავსტრიის ტურიზმის ფორუმი ჩატარდება

შეხვედრები ასევე დაგეგმილია ეუთოს გენერალურ მდივან თომას გრემინგერთან, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის, რეფორმებისა და დარეგულირების ფედერალურ მინისტრ იოზეფ მოზერთან და ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰერბერტ კიკლთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე  ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვევა და აკადემიის წევრებს სიტყვით მიმართავს. უწყების ცნობით, იგი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრებს.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე  ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართავს  შეხვდრებს.

ირაკლი კობახიძესთან ერთად ავსტრიაში საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იქნებიან დეპუტატები  სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.