მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრილ ლადო აფხაზავას ახალი სტატუსი მიენიჭა

ჩიბათელმა პედაგოგმა, 42 წლის ლადო აფხაზავამ 2017 წელს საუკეთესო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს ათი საუკეთესო პედაგოგის ათეულში შესულ ქართველ მასწავლებელ ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აფხაზავას აღნიშნულის თაობაზე პირადად ამცნო, როდესაც სპეციალურად ამ მიზნით სოფელ ჩიბათში ეწვია. სწორედ ამ სოფლის სკოლაში მოღვაწეობს საერთაშორისო კონკურს The Global Teacher Prize 2019-ის საუკეთესო პედაგოგების ათეულში მოხვედრილი ქართველი მასწავლებელი.

მინისტრმა ლადო აფხაზავას საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მიულოცა და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის... ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი — მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ“, — განაცხადა მინისტრმა.

ჩიბათელმა პედაგოგმა, 42 წლის ლადო აფხაზავამ 2017 წელს საუკეთესო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა, რამაც საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize.

ფინალისტების ვინაობა ვიდეომიმართვაში ცნობილმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსში მონაწილეობისთვის ღონისძიების ორგანიზატორთა სახელზე 10 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა მსოფლიოს 179 ქვეყნიდან. კონკურსის გამარჯვებულ მასწავლებელს ფულადი პრემია გადაეცემა ერთი მილიონი დოლარის ოდენობით.