ფილმის გადაღების გამო გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზაზე  საცობის წარმოქმნის შემთხვევაში გადაღება შეწყდება.
Sputnik

თბილისი,  23 თებერვალი  — Sputnik.  გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თებერვლის ბოლომდე იზღუდება

უწყების  ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრზე შპს „პანიკა ფილმსი“  მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავს.   აქედან გამომდინარე, გადაღების პროცესში,  ხვალ, 24 თებერვალს, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი–აღმოსავლეთი)  16:00-დან 20:00 სთ-მდე პერიოდში,  რამდენჯერმე,  5-10 წუთით, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში მძღოლები ისარგებლებენ გვირაბის შემოვლითი გზით.

გადაღების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე  გამოყოფილი იქნებიან სპეცფორმითა  და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

„საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი“ - ნთქვამია განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.