მართვის მოწმობა 1000 ლარად: თელავში მაღალჩინოსანი დააკავეს

ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის თანამშრომლებმა კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე მაღალჩინოსანი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქისგან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამი 1000 ლარის ოდენობით აიღო. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.