ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს

ეკა ბესელია პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დატოვების შესახებ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ბესელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეარსულა>>>

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდეს.

„ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად... ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტში ვრჩები როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი", – განაცხადა ბესელიამ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" იდეალებს დასცილდა.

ბესელია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც 2011 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი წლით ადრე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" დააფუძნა.

ბესელიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა 2018 წლის ბოლოს გაფუჭდა. დეკემბერში ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ვნებები პარლამენტში: ბესელიას „პრინციპულობა" კანონპროექტის ბედზეა დამოკიდებული

ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ მიუღებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ეს განმარტება გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იგეგმებოდა და ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა გამხდარიყო.

რაც შეეხება მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეების 10 კანდიდატისგან შემდგარი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. კანდიდატები არ მოეწონა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიის ნაწილს. სიაში იმ კანდიდატების სახელები იყო, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. ბესელიამ განაცხადა, რომ იგი არასდროს დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იმ პოლიტიკურ გუნდს ემსახურებოდნენ, რომლის წინააღმდეგაც მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე იბრძოდა.

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების საპროტესტო ტალღის შემდეგ პროცესი შეჩერდა. გადაწყდა, რომ შემუშავდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები, რათა მათი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა, სასამართლო კონფლიქტი ამით არ დასრულებულა, პირიქით, გაღრმავდა კიდეც, რამდენადაც ბესელიამ სკანდალური კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.