„შვიდი და კიდევ ორი“ – გამორჩეული დაბადების დღე მსახიობის ცხოვრებაში

ეს სახელდახელო ინტერვიუ დღეს, დილით შედგა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი 72 წლის გახდა. მისი ყველა როლი თეატრსა თუ კინოში მართლაც დასამახსოვრებელი და გამორჩეულია, ლექსის კითხვის მისეული მანერაც კი არავის ჰგავს.
Sputnik

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა იმ სპექტაკლსაც, რომლის დროსაც სცენაზე მარტო იდგა, პარტნიორების გარეშე..  ასე რომ, შეგვიძლია მოკლედ და გასაგებად წარვადგინოთ:

ბატონებო და ქალბატონებო! მურმან ჯინორია – ცხოვრება, როგორც ერთი მსახიობის თეატრი...

„შვიდი და კიდევ ორი“ – გამორჩეული დაბადების დღე მსახიობის ცხოვრებაში

– დილა მშვიდობისა, ბატონო მურმან

– დილა მშვიდობისა.

– უკაცრავად, ცოტა ადრიანად გირეკავთ, მაგრამ მინდა სხვებზე ადრე მოგილოცოთ, საუკეთესო სურვილებით...

– მადლობელი ვარ.

– ასეთ დღეს ქალები, განსაკუთრებით პოპულარული მსახიობები, ასაკის თემას გაურბიან ხოლმე, მამაკაცებთან არა მგონია ეს პრობლემა იყოს...

– ჩემ შემთხვევაშიც ასეა, მე ნამდვილად არ ვმალავ ასაკს.

– ანუ შვიდ ათეულ წელს ცოოტათი გადააბიჯეთ...

– ასეა, შვიდი და კიდევ ორი.

„შვიდი და კიდევ ორი“ – გამორჩეული დაბადების დღე მსახიობის ცხოვრებაში

– ამ გადასახედიდან რა შეგიძლიათ თქვათ, იმ წლებმა გაგიმართლეს?

– იცით, რა ხდება? ადამიანი არ უნდა იყოს უმადური, რაზედაც ვოცნებობდი, ზუსტად იმ პროფესიაში ვარ და ღმერთმა ამ სფეროში რაღაც გამაკეთებინა. რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო? მაყურებელს მოსწონს რაც გამიკეთებია 47 წლის მანძილზე... მე „ფეისბუქის“ მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ ჩემმა ძმისშვილებმა მითხრეს, რომ ხალხი თურმე დღესაც ინტერესით უყურებს ჩემ გადაცემებს, ფილმებს, ლექსებს და ეს ძალიან სასიამოვნოა. გამოდის, რომ ტყუილუბრალოდ არ ვყოფილვარ გამოგზავნილი... იქიდან.

– ერთნაირად წარმატებული ხართ კინოშიც და სცენაზეც და სასწორზე რომ დავდოთ, რომელიმე გადაწონის?

– არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ვერც ერთი ვერ გადაწონის, ორივე კარგია და ერთნაირად ახლობელი ჩემთვის. მთავარია, თეატრში, სცენაზე როგორ მოუნახავ სათქმელს ფორმას და კინოში – როგორ. კიდევ, ყველაფერს თავისი დოზა უნდა, თორემ პროცესი ერთნაირია. ესაა შენი ჩანაფიქრის და სათქმელის გადმოცემის ფორმები – ან ეკრანით, ან სცენიდან, ან პოეზიით...

– ჩემი აზრით, ამ ფორმით ლექსი თქვენამდე არავის წაუკითხავს – რაღაც განყენებული ჟანრი შექმენით, რასაც შეიძლება მუსიკალური პოეზია უწოდო...

– იმიტომ, რომ თვითონ მუსიკა არის პოეზია და მისთვისაც უნდა მოუძებნო შესაფერისი ფორმა. ასე მარტივად არ არის, ზოგი რომ გამოდის და ლექსს იტყვის – ხმამაღლა ან ხმადაბლა... ლექსის არსს უნდა ჩაწვდე, გაიგო რა საიდუმლო დევს მასში. მერე კი ესა თუ ის სიტყვა და მასში ჩადებული აზრი თავად გაწვდის ხოლმე რაიმე მელოდიას...

– ბატონო მურმან, წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დიდ სცენაზე დგახართ და შანსი გეძლევათ თქვენი სიტყვა მთელ მსოფლიოს მიაწვდინოთ - რას იტყოდით?

– „ჩემს პატარა საქართველოს უფრო შევაყვარებდი“ – არის ასეთი ფრაზა, შოთა ნიშნიანიძის ლექსიდანაა ...

– ჯერ კიდევ ყველამ რომ არც იცის, რუკაზე სად ვართ, როგორ მოახერხებდით ამას?

– ჰოდა, ყურადღებით უნდა იყვნენ და დაგვინახავენ, ასეთ ყურადღებას აშკარად ვიმსახურებთ. ახლაც ვიქცევთ ყურადღებას – ჩვენი ხელოვნებით, სარწმუნოებით, კულტურით... ჩვენ ხომ გუშინწინ არ მივიღეთ ეს სარწმუნოება? ჩვენი რწმენა გვაქვს, ჩვენი ისტორია, მარტო ხაჭაპური და ხინკალი ხომ არაა?!.

– ახლა რომ დაფიქრდეთ, თქვენი რომელი დაბადების დღე გახსენდებათ?

– მახსოვს, მაშინ ბავშვი ვიყავი და იმ დაბადების დღეს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. როდესაც ჩემი მამიდა და ბიძა მოვიდნენ, ძლივს გააღეს ჭიშკარი და ძლივს შემოვიდნენ ეზოში... ხომ არაფერია ისეთი, მაგრამ დღემდე ფილმის კადრივით მახსოვს. ბავშვობის მოგონებებიდან ისეთი სიმშვიდე და სინათლე მოდის ხოლმე...

– რომელი თვისება შემოგრჩათ დღემდე იმ დროიდან?

– მიზანდასახულობა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, დავისახავდი ხოლმე რაიმე მიზანს და მას აუცილებლად მივაღწევდი. იმ დროს ამ ჩემ თვისებას უფრო ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, მართლა ასეთი ვიყავი. რაღაცას რომ ჩავიფიქრებდი, ბეჯითად ვმუშაობდი, რომ ჩაფიქრებული გამეკეთებინა.

– იუბილარს რას უსურვებდით?

– კარგად იყოს. და ყველა კარგად ჰყავდეს – ვისაც უყვარს და ვინც მას უყვარს...