თბილისის მერიის საჩუქარი ელექტრომობილების მფლობელებისთვის

მერიაში ელექტრომობილების დამტენი სადგურების დამონტაჟების თაობაზე 40-მდე განცხადებაა შესული.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ელექტრომობილების დამტენი სადგურების დამონტაჟებით ის კომპანია დაკავდება, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 

საქართველომ ელექტრომობილების წარმოებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

თბილისის მერიამ გადაწყვიტა ელექტრომობილების მფლობელებს საჩუქარი გაუკეთოს და მსურველებს მათი სახლის ახლოს ელექტროდამტენები დაუმონტაჟოს. ამისთვის 11 თებერვლიდან ავტომფლობელებს შეუძლიათ განცხადება მერიის ვებ-გვერდზე დატოვონ. იმ კომპანიის გამოსავლენად კონკურსი, რომელიც დამტენების დამონტაჟებით დაკავდება, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება.

„დღეისთვის 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს დროში ჩვენ დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, – განაცხადა კალაძემ.

ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ და, შესაბამისად, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ასეთ უმოკლეს ვადაში საკუთარ ავტოპარკს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს.

2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა 60%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.