თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სოფელ ლილოში ნაგავსაყრელი 2019 წლის ბოლოსთვის დაიხურება, რათა გადაიჭრას ეკოლოგიის პრობლემა, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება>>>
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა.
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნაგვის უტილიზაციის სისტემის მშენებლობა იგეგმება. მერია აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას აპირებს.
„დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შევძლებთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რასაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება", – განაცხადა მაია ბითაძემ.
ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში ჩართული არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე ვიდეოდიალოგის დროს.
„რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან", – განაცხადა კახა კალაძემ.
ადრე კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 17 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ნაგავსაყრელების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.
პროექტის ავტორები გამოდიან წინადადებით, ქალაქში დარჩეს ინერტული მასების ნაგავსაყრელი, ხოლო ნაგავსაყრელი საყოფაცხოვრებო და საშიში ნარჩენებისთვის ქალაქგარეთ გაიტანონ, კერძოდ, თბილისიდან ჩრდილო–დასავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით. ამასთან, შემოთავაზებულია თბილისში გადამამუშავებელი პუნქტების აშენება, სადაც მოხდება ნარჩენების დახარისხება და განაწილება ნაგავსაყრელზე ან გადამამუშავებელ საწარმოში.
პროექტის ავტორების აზრით, ნარჩენების დახარისხება ხელს შეუწყობს მეორადი წარმოების პრაქტიკის დანერგვას და გაზრდის ბიზნესმენების ინტერესს გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ.