თემურ იოსელიანი
ახალი წლიდან სხვადასხვა პროდუქციის გაძვირების პარალელურად კავშირგაბმულობის მსხვილმა კომპანიებმა – „მაგთიმ“ და „სილქნეტმაც“ („ჯეოსელის“ მფლობელმა) დააანონსეს ტარიფების მატება. მობილური ბაზრის მესამე მოთამაშე „ბილაინი“ სატარიფო გეგმაში ცვლილებებს არ აპირებს. იმავდროულად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა გვამცნო – „მაგთის“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაძვირების უფლებას არ მივცემთ, ხოლო რაც შეეხება „ბილაინს“, კომპანია სულაც საქართველოს ბაზარს ტოვებსო. ამ ინფორმაციამ პირველ რიგში ისევ მომხმარებელი შეაშფოთა. თავის დროზე სწორედ „ბილაინის“ შემოსვლა გახდა მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ კონკურენცია გაზრდილიყო და „მაგთის“ და „ჯეოსელს“ სერვისის ფასები საგრძნობლად დაეწიათ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოწოდების შემდეგ – შეეჩერებინათ ტარიფების ცვლილების გადაწყვეტილება, „სილქნეტმა“ გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაცია, ხოლო „მაგთიმ“ უარი თქვა მის შესრულებაზე. სანაცვლოდ კომისიამ სანქცია გამოიყენა და „მაგთის“ 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით აუკრძალა ტარიფების ცვლილება. თუმცა, აკრძალვა მხოლოდ პაკეტ „მარტივი 25“-ის გაძვირებას შეეხო, გაძვირების გეგმის დანარჩენი ნაწილი კი კომპანიამ მაინც აამოქმედა.
„სილქნეტის“ და „მაგთის“ სატარიფო მიზანი
„სილქნეტმა“ და „მაგთიმ“ სატარიფო გეგმების ცვლილება თითქმის ერთდროულად დააანონსეს. ორივე კომპანია აპირებდა როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ინტერნეტის პაკეტების ცვლილებას. კომპანიების მიზანი პაკეტების გაძვირებაა, თუმცა, ამბობენ, რომ აბონენტები სანაცვლოდ მიიღებენ გაცილებით უკეთეს სერვისს - მეტ მეგაბაიტებს მობილურ ინტერნეტში, ასევე მეტ სიჩქარეს ფიქსირებულ ინტერნეტში და საბოლოო ჯამში უფრო იაფადაც გამოვლენ, ვიდრე იგივე სერვისი აქამდე ღირდა.
დაანონსებული ცვლილების თანახმად, „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის მობილური სერვისის „ახალი პაკეტი მეტი S“ 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი გახდება. „ახალი პაკეტი მეტი M“-ის საფასური 10-დან 15 ლარამდე გაძვირდება. „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი 25-ის ნაცვლად 30 ლარი ეღირება.
„სილქნეტი“ ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავდა და ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმშია – უცდის კომუნიკაციების კომისიის დასკვნას, რომლის შემდეგაც გაირკვევა, აქვს თუ არა სატარიფო პოლიტიკის ცვლილების უფლება.
რაც შეეხება კომპანია „მაგთის“, გეგმავენ 25-ლარიანი „მარტივი 25“-ის 30 ლარამდე გაძვირებას. განახლებულ პაკეტში 1 000 მბ-ის ნაცვლად 1 500 მბ მობილური ინტერნეტი იქნება. ეს კონკრეტული ცვლილება 18 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ კომუნიკაციების კომისიამ „მაგთის“ გაძვირება შეუჩერა. სამაგიეროდ, „მაგთიმ“ 18 თებერვლიდან აამოქმედა სხვა დაანონსებული ცვლილებები: შემოიღო სააბონენტო გადასახადი - 1 ლარი 180 დღის მანძილზე, შეამცირა 1 მბ მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70-დან 10 თეთრამდე, 25 თებერვლიდან კი ფიქსირებული ინტერნეტის ფასიც იმატებს 27-დან 30 ლარამდე. თუმცა, ასევე ორმაგდება სიჩქარეც 10-დან 20 მბ/წმ-მდე.
რა ხდება „ბილაინში“
„ბილაინში“ ტარიფების ცვლილებას არ აპირებენ და ამასთანავე აცხადებენ, რომ არც ქვეყნიდან გასვლას გეგმავენ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა 24 იანვარს სწორედ „ბილაინის“ საქართველოს ბაზრიდან გასვლა დააანონსა. მისივე თქმით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბაზარზე შესუსტდა კონკურენცია, რადგან დასუსტდა „ჯეოსელი“, რომლის ყოფილი მფლობელი „თელია სონერა“ საქართველოდან გასვლას აპირებდა და ინვესტიციებს აღარ აკეთებდა.
„ბილაინს“ არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G-ს განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ჰქონდათ ქართული ბაზარი და, პრინციპში, „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ჰყიდის ბიზნესს“, – განაცხადა ბექაურმა.
ბექაურის პასუხად კომპანია „ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განაცხადა, რომ მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის“ გაყიდვის შესახებ წინადადება ამ ეტაპზე არ არსებობს, შესაბამისად, კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს ბაზარზე საქმიანობას და 1.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად.
„2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს“, – აღნიშნა სოფო ბალავაძემ.
ბაზრის განაწილება
მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „მაგთიკომს“ 1 978 881 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 40%), „სილქნეტს“ („ჯეოსელი“) კი 1 733 198 აბონენტი (35.6%). ორივე კომპანიის წილი ჯამში 75.6%-ს შეადგენს. „ბილაინის“ წილად ბაზრის დაახლოებით 24% მოდის, რომელიც მხოლოდ მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზეა წარმოდგენილი და „მაგთის“ და „სილქნეტისგან“ განსხვავებით ფიქსირებული კავშირის, ინტერნეტისა თუ საკაბელო ტელევიზიის სერვისი არ გააჩნია.
კახა ბექაურის მოწოდების შემდეგ „სილქნეტში“ განაცხადეს, რომ დაელოდებიან კომუნიკაციების კომისიის მიერ კვლევის შედეგებს; აგრეთვე თავადაც ჩაატარებენ დამოუკიდებელ კვლევას უცხოელი ექსპერტების საშუალებით.
მას შემდეგ რაც „მაგთიმ“ 18 თებერვლიდან სატარიფო გეგმის ცვლილება აამოქმედა, საინტერესოა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია. მათი თქმით, სატარიფო გეგმის ცვლილების შეჩერება მხოლოდ მობილურ ხმოვან მომსახურებას და 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს ეხება, რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტსა და სხვა მომსახურებებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ბაზრის ყველა სეგმენტის კვლევა.
„იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგად აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს კომპანიის მხრიდან არაკანონზომიერ გაძვირებას, აუცილებლად დავაბრუნებთ მას კანონზომიერების ფარგლებში. ამისთვის კომუნიკაციების კომისიას ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია“, - გვითხრეს კომისიაში. კომისიაში ბაზრის კვლევის დასრულებას დაახლოებით 3 თვეში ვარაუდობენ.
ამ სიტუაციაში საბოლოო სიტყვა კომუნიკაციების კომისიას ეკუთვნის. კანონმდებლობით, სწორედ მან უნდა დაადგინოს ტარიფები, რადგან მობილურ კავშირგაბმულობაში ტარიფები რეგულირებულია. თუმცა, როგორც ვნახეთ, სანამ ბაზრის კვლევა დასრულდება, „მაგთიმ“ ნაწილობრივ მაინც მოახერხა სატარიფო გეგმის ცვლილება.
მეორე მხრივ ისიც აღსანიშნავია, რომ თუ კომპანიებს ხარჯები რეალურად აქვთ და კომისია მათ ტარიფის შესაბამისად მომატების საშუალებას არ მისცემს, აბონენტები გარანტირებულად გაუარესებულ სერვისს უნდა ელოდონ. საკუთარი ჯიბის ხარჯზე არც ერთი ბიზნესი არ მუშაობს და საბოლოო ჯამში სწორედ მომხმარებელი ზარალდება.