კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

„დიდების ხეივანი" კიდევ ერთი გამოჩენილი კინოხელოვანის სახელით შეივსება.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ 21 თებერვალს ესაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდა ამისა, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება მისი პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია.

კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

გუშინ გაიმართა ტელეპრემიერა ფილმისა „თვე, როგორც ერთი დღე", რომელიც ესაძემ 2016 წელს რეჟისორ ლაშა მინდიაშვილთან ერთად გადაიღო.

რეზო ესაძე სოფელ შემოქმედში 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად სკოლაში. იყო თბილისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის სადგურის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

1964 წელს ესაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან კი რეჟისორად დაიწყო მუშაობა სტუდია „ლენფილმში", ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში".

მსახიობი რეზო ესაძე გადაღებულია ფილმებში: მიხეილ რომის „ერთი წლის ცხრა დღე", „თენგიზ აბულაძის „მონანიება", ირაკლი კვირიკაძის „ქალაქი ანარა" და ა.შ.

კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

როგორც რეჟისორი მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ნეილონის ნაძვის ხე" (1985), „ერთი ნახვით შეყვარება" (1975), „საქორწინო საჩუქარი" (1982), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და ა.შ.

რეზო ესაძე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა (1980). 2016 წელს თბილისის XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „თვე, როგორც ერთი დღე". ამავე ფორუმზე ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა „ოქროს პრომეთეს" პრიზით.