ვითარება საქართველოს გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია

„საქართველოს სამხედრო გზაზე" შეზღუდვები ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუშინ დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგა გუდაური–კობის მონაკვეთზე.

„გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", – აღნიშნულია განცხადებაში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთიდან საავტომობილო გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგრეთვე განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუშინ აიკრძალა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინვე აღდგა.