ამ ადამიანზე თხრობა მინდა დავიწყო ჩემი წილი მოგონებით, რომელიც ფილმის კადრივით შემორჩა მეხსიერებას. 2002 წელს ბატონო რეზო რადიოში მივიწვიეთ, თუმცა ინტერვიუ არ შედგა...
კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა, მივხვდით, რომ მას სურდა მოეთხრო იმაზე, რაც მისთვის დღემდე ახლობელი და მთავარია, რაც მისი სიცოცხლის და შემოქმედების საწყისია, სათავეა იმისა, რასაც რეზო ესაძის სამყარო ჰქვია...
ეს იყო მაესტროს საოცარი მონოლოგი ბავშვობაზე, რომელიც გურიაში გაატარა, მოგონება კატო ბებიაზე, რომელიც მისი პოდაგრიანი თითებით თხის საკრეჭი მაკრატლით თმებს ჭრიდა, ბაბუაზე, რომლის მზერაშიც ერთხელ მოულოდნელად საკუთარი თავი აღმოაჩინა... „თუ სიმარტოვეში მთლიანად ხარ, შეუძლებელია იმ სიმარტოვემ არ შვას ისეთი რამ, როგორიც ბაბუას ღიმილი იყო“...
ლოგიკურია, რომ მისი პირველი, სადებიუტო ფილმი იყო „ერთხელ“, სადაც ეპიზოდია სოფლელ ბიჭზე, რომელსაც ბაბუა ზრდის. ფილმში ადამიანის მიერ ცხოვრების შეცნობის პირველი მცდელობაა ასახული...
რეჟისორს გადაღებული აქვს 11 ფილმი, ხოლო როგორც მსახიობს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „ერთი ნახვით შეყვარება“, რომელიც 1975 წელს გამოვიდა, გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო. მართალია, ფილმის სიუჟეტი ერთი სიყვარულის ფონზე იშლება, ის მაინც არ არის მხოლოდ სიყვარულზე, არც მხოლოდ თბილისური ეზოს ამბავია. ეს იმ დიდი იმპერიის ისტორიაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. თბილისური ეზოს მაგალითზე ფილმი იმ ქაოსს ასახავდა, რაც საბჭოთა კავშირში იყო...
ყველა მის ფილმში – „წამზომი“, „წკიპურტები“, „საქორწილო საჩუქარი“ და „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ ადამიანური ურთიერთობების ყველა კარი ღიაა, რეჟისორის აზრით, „აქ არ უნდა კარებს მტვრევა – ყველა კარი ღიაა“...
თავადაც ადვილად გახსნა სამყაროს ყველა კარი:
აჰა, უკვე დროც მოვიდა,
დე, აღსრულდეს ბარემ.
მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით
ვეღარ დაგეხმარე.
ახლა თვითონ გავხდი შენი
ტკივილი და ჯავრი,
როს მენგრევა თავზე ჭერი
და მწვავს ცეცხლის ალი.
რით გიშველო, რა ვიფიქრო,
ფიქრო, გასამხელო...
ეს სტროფებია პოეტ რეზო ესაძის ლექსიდან „ფიქრო უსახელო“. მისი პოეტური სათქმელი ლექსების სამმა კრებულმა დაიტია. თუმცა არის მხატვარი რეზო ესაძეც, რომლის ნახატები სხვადასხვა დროს ჟენევაში, მიუნხენსა და თელ-ავივში გამოიფინა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეჟისორის პირველი პროფესია ფიზიკოსობაა.
1985 წელს გამოვიდა რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“. ფილმის სიუჟეტი ავტობუსში ვითარდება. ეს აქ მოქცეული მთელი სამყაროა, ადამიანები თავისი მანკიერებითა და ყველა თვისებით, რითიც ყველა დროში გამოირჩევიან... „ნეილონის ნაძვის ხით“ ჩვენ ცხოვრებაში შემოსული ხელოვნური გრძნობები და ურთიერთობებია, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ...
საფინალო კადრამდე ფილმში დიალოგია, რომელშიც ჩვენთვის ყველაზე მთავარი კითხვებია დასმული:
– რა ხდება?
– მივდივართ.
– სად მივდივართ?
– ახალი წელი უნდა გავითენოთ საკუთარ ჭერქვეშ.
– ჩვენ ახლა წავალთ და იმ კაცს მოვძებნით, გზაში რომ გადავაგდეთ...
ჩვენს მიერ უარყოფილი კაცის ძიება, პატიების გრძნობა და სიყვარული – რა შეიძლება იყოს ამაზე მთავარი?! – არც არაფერი... რეზო ესაძის ფილმებიც ამაზეა...
დღეს მისი დაბადების დღეა...
...და, მართლაც, სად მივდივართ?..