კარგი სიახლეები ქართული დიასპორისთვის – პრეზიდენტმა ახალ პროექტებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის რიგი ღონისძიებების გატარებას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გაჩნდება საზაფხულო ბანაკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის, ასევე თბილისში გაიხსნება დიასპორის წარმომადგენლების მომსახურების საინფორმაციო ცენტრი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ადმინისტრაციის გეგმებზე დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა საფრანგეთში, სადაც სამუშაო ვიზიტით 17 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის დროს, რომელიც ოფიციალურად ორშაბათს დაიწყო, ზურაბიშვილს უმაღლესი დონის რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მომავალი ფონდის შესახებ ესაუბრა

„ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რაც დავაარსეთ და განხორციელდება ამ ზაფხულს, იქნება ბანაკი სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის", – განაცხადა ზურაბიშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდობა შეძლებს არა მარტო ქართული ენის შესწავლას ბანაკში, არამედ ერთმანეთის გაცნობას, განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამის თაობაზე ინფორმაციას გაავრცელებს.

ამას გარდა, დიასპორისთვის კიდევ ერთი პროექტია ქართული ენის დისტანციური შესწავლა, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში ხორციელდება საქართველოს საელჩოში ლონდონში.

ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, თბილისში გაიხსნას ცენტრი, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოემსახურება დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, ან დროებით ჩამოვიდნენ. ისინი შეძლებენ ინფორმაციის მიღებას სამუშაო ადგილების, ბინების დაქირავების, სამედიცინო სერვისების, სწავლის შესახებ და სხვ.

„ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება აინტერესებდეს დიასპორიდან ჩამოსულ ადამიანს, უნდა იყოს ადვილი, ხელმისაწვდომი და ერთ ადგილზე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული ენის დისტანციური სწავლება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარესთან ჟერარ ლარშესთან, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს „იუნესკოს" წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საფრანგეთში საქართველოს საქმეებში დროებითი რწმუნებული თეონა გიუაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნათია სულავა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ამ ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე პირველად იმყოფება. ზურაბიშვილმა საფრანგეთის პასპორტზე უარი თქვა, რადგან საქართველოს პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს.