თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.
ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.
მოძრაობა თავისუფალია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა ღდგენილი. აქ დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები ტარდებოდა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 20 თებერვლიდან ვარაუდობენ.