თავისუფლების აღკვეთა ტყუილისათვის

ცრუ ჩვენების მიცემისთვის 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს
Sputnik

 

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისში 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასული წლის ოქტომბერში, ა.ს. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა და თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება მიმდინარე წლის რვა თებერვალს დაკითხვისას შეცვალა.

ა.ს-მ დაკითხვისას აღნიშნა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირები არიან კრიმინალური ავტორიტეტები. ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი პირი წალკის მუნიციპალიტეტის ე.წ. „მაყურებლად“ დაინიშნა. მან კი კრიმინალური დაჯგუფების დახმარების მიზნით, ფულადი თანხაც გაიღო.

უცხოელები თბილისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

არსებით განხილვაზე, მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული პირები არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე ინფორმაციას არ ფლობდა. მან, ასევე, უარყო ფინანსური დახმარების ფაქტიც.

მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, ა.ს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება, რაც ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.