იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა - დაკავებულია ორი პირი

ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში წარსულში ნასამართლევი ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 37 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი, პოლიციამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ბროკოვა სტრელას“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.