ბათუმში 30 წლის მამაკაცს რვა წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ბავშვის დედის მტკიცებით, მამაკაცი მის შვილთან გარყვნილ ქმედებას ხშირად ჩადიოდა.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. აჭარაში რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძება დაიწყო, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული მიმდინარე წლის 2 თებერვალს ბათუმის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. რვა წლის გოგონას დედა სასტუმროს მფლობელს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცს ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

ბავშვის დედა აღნიშნულ საოჯახო სასტუმროში მუშაობს და, მისი განცხადებით, ბავშვიც ხშირად დაჰყავდა თან. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ მამაკაცი გოგონასთან გარყვნილ ქმედებას ხშირად ჩადიოდა.

„ბავშვმა აღიარა და თქვა, რასაც ვეჭვობდი. ის ბავშვს ეუბნებოდა, რომ არ ეთქვა. მყავდა ფსიქოლოგთან და ჩართულია ყველა მხარე, მიმდინარეობს გამოძიება. ვითხოვ მამაკაცის დასჯას", – აცხადებს გოგონას დედა.

ქალის თქმით, მან ჯერ სამართალდამცველებს, შემდეგ კი სოციალურ სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

სამართალდამცველებმა გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლითაა აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.