თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ნარჩენების დახარისხების დაწყების თხოვნით თბილისის ქუჩებში საინფორმაციო ბანერები განათავსეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიაზე დაყრდნობით.
თბილისში ნარჩენების (პლასტმასის ბოთლები, შუშა, ქაღალდი, ალუმინის ქილები) დახარისხების 25 სტენდი განთავსდა. საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია მიმდებარე ტერიტორიაზე დადგმული ნარჩენების სეპარირების სტენდების მისამართი.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნარჩენები მეორად პროდუქტებად გადამუშავდება", – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, ისინი მეტროს სადგურ „სამგორთან", დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წერეთლის გამზირზე, კომპანია „კოკა-კოლას", ვაკის პარკისა და მეტრო „ღრმაღელის" სიახლოვეს არის განთავსებული. სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია აქ.
ადრე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ 2019 წლიდან დედაქალაქის მოსახლეობას ნარჩენების დახარისხება მოუწევდა. დღეისთვის ქვეყანაში ნარჩენების დახარისხების რამდენიმე საპილოტო პროგრამა ხორციელდება.