თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის (ათონელის ქუჩაზე) რემონტი შეიძლება დაგეგმილ 2,5 მილიონ ლარზე უფრო ძვირი დაჯდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საინფორმაციო სააგენტო IPN-ზე დაყრდნობით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ჯერ კიდევ უცნობია, საბოლოოდ რა დაჯდება ახალი რეზიდენციის რემონტი.
„დასრულდა გარკვეული ნაწილი (სამუშაოების), ხოლო გარკვეული ნაწილი კიდევ შესასრულებელია და დათვლის რეჟიმშია. ამაზე სრული პასუხის მოწოდება ერთი თვის ვადაში იქნება შესაძლებელი. ორმილიონ-ნახევარია გაწერილი ხარჯი, თუმცა ეს დასრულებისთვის საკმარისი არ იქნება“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
ჩუბინიძეს ასევე უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამდენი დაჯდება ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის შენახვა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში არ შევიდა და ათონელის ქუჩაზე მდგარი რეზიდენცია აირჩია. თუმცა ახალ რეზიდენციაში, ყოფილ ორბელიანების სასახლეში რემონტი ჯერ არ დასრულებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს სასახლე კარგი იქნება მაღალი დონის სტუმრების მისაღებად. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყოფილ რეზიდენციაში, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს.