იაპონია საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტები იაპონიის სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო სფეროში ითანამშრომლებენ, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმატებულ ქართველ მეცნიერ-ემიგრანტებს საქართველოში პირველ სამეცნიერო ფორუმზე მოიწვევენ>>>

იაპონიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ქართველი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში.

„ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას", – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ქართველი და იაპონელი მეცნიერები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელემენტარული ნაწილაკები, მაღალი ენერგიების ფიზიკა და საინჟინრო ტექნოლოგიები.

თბილისში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება

ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად გამოიყენონ იაპონიის „მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების შემსწავლელი ორგანიზაციისა“ (KEK) და „პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის“ (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ.

ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

მსგავსი მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე დიდწილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.