30 წლის ალექსანდრ ზოლოტუხინმა, განათლებით პროგრამისტმა და ნალჩიკში ალექსანდრ სოკუროვის სახელოსნოს კურსდამთავრებულმა, ბერლინის კინოფესტივალზე ფილმი „რუსის ბიჭი“ წარადგინა. ფილმი აჩვენეს პროგრამა „ფორუმში“, რომლისთვისაც მთელი მსოფლიოდან ექსპერიმენტულ კინოს არჩევენ.
ფილმმა, რომელშიც აღწერილია პირველ მსოფლიო ომში წასული სოფლელი ბიჭის ისტორია, მაყურებლის ყურადღება არა მხოლოდ ისტორიული თემით, არამედ ტექნიკური სიახლეებითაც მიიპყრო. სურათი უნიკალურია ვიზუალური და ხმოვანი თვალსაზრისით. რეჟისორმა და ოპერატორმა მოახერხეს, ფილმში მიეღწიათ ისეთივე მარცვლოვანი გამოსახულების ეფექტისთვის, როგორის ნახვაც საუკუნის წინანდელ ფოტოებზეა შესაძლებელი.
ალექსანდრ ზოლოტუხინი „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს ესაუბრა.
— შთამბეჭდავია სურათის ვიზუალური გაფორმება - ასეთ ეფექტს როგორ მიაღწიეთ?
— ეს ჩვენმა ოპერატორმა აირატ იამილოვმა მოიფიქრა. გვესმოდა, რომ საჭირო იყო დროითი სივრცის წარმოჩენა. მაყურებელი ისტორიის შიგნით კი არ უნდა აღმოჩენილიყო, არამედ მოვლენებისთვის თანამედროვეობიდან უნდა ედევნებინა თვალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი არ გვეჩვენებინა, დაგვეტოვებინა ბუნდოვანება და მარცვლოვანი ფირის ხერხი ამაში დაგვეხმარა.
ჩვენი შთაგონების წყარო იყო წინა საუკუნის დასაწყისის ფერადი ფოტო - არსებობს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფრანგული ფოტოსურათების სერია. შევისწავლეთ ფერწერაც - გლეხების პორტრეტები, ლევიტანი.
ოპერატორს დავუსახე ამოცანა, გადაეღო ე.წ. იდეალური ნეგატივი. ეს ნიშნავს, რომ ვიღებდით „ციფრულით“, მაგრამ უნდა მიგვეღო მასალა, რომელსაც, როგორც გვინდოდა, ისე დავამუშავებდით ფერთა კორექციის ეტაპზე.
შემდეგ დავიწყეთ ექსპერიმენტები, ვცადეთ სხვადასხვა ვარიანტი. იქ არა მხოლოდ მარცვლოვანი ეფექტია, ზოგიერთ სცენაში ფირი დაკაწრულია და ეს შემთხვევითი არაა. ამგვარი ეფექტი დრამატურგიაზე მუშაობს. იწვევს შეგრძნებას, რომ ოპერატორი კადრებს იღებდა რომელიღაც სანგარში და ფირი დაზიანდა.
— პირველი მსოფლიო ომი რატომ შეარჩიეთ? დღეს ფილმს ამ თემაზე იშვიათად იღებენ.
— ბევრი ჩანაფიქრი მქონდა, მთელი სია. თავის დროზე ალექსანდრ ნიკოლაევიჩმა (სოკუროვი; რედ.) სტუდენტებს გვირჩია იმ თემებისა და იდეების ჩამოწერა, რომელთა ხორცშესხმის სურვილი გვქონდა. ჩემთვის მოვინიშნე: ადამიანი ომში, რუსების ცხოვრება ХХ საუკუნის დასაწყისში. შემდეგ სრულიად შემთხვევით წავაწყდი კლასიკური ლოკატორების გამოსახულებას, დავინტერესდი და დავიწყე შესწავლა.
მივხვდი, რომ ამ მასალის საფუძველზე სცენარის დაწერა შეიძლებოდა. ბევრჯერ გადავწერე ხელახლა, დავამუშავე. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც სპეციალისტს ვაჩვენე და მისგან რჩევებიც მივიღე. მირჩია, რომელი ლიტერატურა წამეკითხა იმ ეპოქის ადამიანების ცხოვრების უკეთ გასაგებად.
— განსაკუთრებით რა გამოგადგათ?
— ჩემზე ძალიან იმოქმედა შალიაპინის მოგონებებმა და ХХ საუკუნის დასაწყისის უბრალო ადამიანებისა და მათი ყოფის ამსახველმა შავ-თეთრმა ფოტოებმა. საინტერესო იყო ასევე გორკის მოგონებების შესწავლა. წავიკითხე პირველი მსოფლიო ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების მემუარები.
მაგრამ როგორ ღრმადაც არ უნდა გვეთხარა, იმ საშინელებას მაინც ვერ გადმოვცემდით, რომელსაც ჯარისკაცი განიცდიდა. ამიტომ გვესმოდა, რომ ერთადერთი ინტონაცია, რომლითაც შესაძლებელი იყო ომში წასულ ადამიანებზე თხრობა - თანაგრძნობა იყო.
ისინი არიან კარგებიც ან არც ისე კარგები, შეიძლება ზოგჯერ ულამაზოდ იქცევიან, მაგრამ ის, რომ ჯარისკაცები ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიღუპონ, აკეთილშობილებს. ამან დამაინტერესა, რადგან ომი - არის არა მარტო ყველაზე საზიზღარი, საშიში და ამაზრზენი ადამიანური თვისებების, არამედ ყველაზე მშვენიერი და კეთილშობილური თვისებების კატალიზატორიც. მე მიტაცებს ადამიანური ურთიერთობები, ომს კი ისინი სააშკარაოზე გამოაქვს.
— რა ტიპის საომარ ფილმებზე გაიზარდეთ?
— რასაკვირველია, საბჭოთა ტრადიციის კინოზე. ძალიან მომწონს „ომში, როგორც ომში“, „ბალადა ჯარისკაცზე“. კიდევ ერთი ფილმი, რომლის ნახვაც თავის დროზე ალექსანდრ ნიკოლაევიჩმა მირჩია - „მიდიოდა ჯარისკაცი“.
იქ არის გამოყენებული უნიკალური დოკუმენტური კადრები და ძალიან მნიშვნელოვანია ინტონაცია, რომლითაც ისტორიაა მოყოლილი: უბრალო ადამიანების, მათი ყოველდღიური პრობლემების მიმართ ყურადღება. ომი ხომ არა მარტო სროლაა, არამედ მძიმე ყოფა, კატორღული შრომა, ადამიანის გამოცდაა.
— ამ ისედაც რთულ საბრძოლო პირობებს მთავარ გმირს კიდევ უფრო ურთულებთ, როდესაც მას თვალის ჩინს ართმევთ. ბრმის ისტორია, რომელიც ფრონტზე რჩება და მოყურადედ მუშაობს, რეალურ ამბავს ეფუძნება?
— ასეთი რამ მართლაც მოხდა, ოღონდ - მოგვიანებით ლენინგრადის ბლოკადის დროს. იქ მტრის ავიაციის აღმოსაჩენად მსგავს მოწყობილობებს იყენებდნენ, მაგრამ უფრო სრულყოფილს და აპარატებზე სამუშაოდ საგანგებოდ არჩევდნენ ბრმებს.
— რატომ აღმოჩნდა სიუჟეტის ცენტრში, ფაქტობრივად, ბავშვი?
— ჩვენი ბიჭი მიამიტი, გულღია ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული მხედველობის დაკარგვის ტრაგედია. ოცდაათი წლისა ის, შესაძლოა, მიხვდეს, როგორი საშინელი ფასი გადაიხადა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმოგვეჩინა მისი გულწრფელობა, სიკეთე, მიამიტობა და მისდამი ასაკით უფროსი თანამებრძოლების დამოკიდებულება. მთავარი გმირი გარშემომყოფებში აღძრავს საუკეთესო გრძნობებს, ერთი მხრივ, თავისი სისუსტის, მეორე მხრივ კი, შინაგანი ძალისა და სიმკაცრის წყალობით.
— ფილმში სრულიად წარმოუდგენელი სახეები ჩანს - სინჯები როგორ ჩაატარეთ?
— დიახ, სინჯები ჩვენი სიამაყეა. ჩვენ ბევრი არაპროფესიონალი შემსრულებელი გვყავს. განსაკუთრებით დიდხანს ვეძებდით ბიჭს მთავარი როლისთვის. უკვე მთელი შემადგენლობა დამტკიცებული გვყავდა, ის კი შერჩეული არ იყო. ბოლოს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ვიპოვეთ.
— რატომ მაინცდამაინც იქ?
— სინჯებზე მოდიოდნენ ბიჭები, რომლებიც ძალიან „მაძღრად“ გამოიყურებოდნენ - თანამედროვე კარგად მოვლილი ბავშვები. ფოტოსურათებს თუ დახედავთ, ლიტერატურას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ წინა საუკუნის დასაწყისში სრულიად სხვა ტიპაჟი იყო. მძიმე ცხოვრება კვალს ტოვებს და ასაკის მიუხედავად, ამ ბავშვებში იყო რაღაც ზრდასრული, ამასთან შენარჩუნებული ჰქონდათ ბავშვური უშუალობა.
მთავარი როლის შემსრულებელი მშობლების გარეშე იზრდებოდა და მაინც შეინარჩუნა სითბო და ადამიანური სიკეთე. ნიჭიერი ახალგაზრდაა, ლექსებს წერს.
ახლა შეიცვალა, როკერის ვარცხნილობა დაიყენა, გიტარაზე უკრავს. გადაღებების დროს 16 წლის იყო, ახლა უკვე 18-ისაა. ასე რომ, გარდატეხის ასაკმა ჩაიარა.
— ის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგთან მუშაობდა თუ კადრში მოუმზადებლად უშვებდით?
— ჩვენი ამოცანა იყო მისი ინდივიდუალობის შენარჩუნება, არ გვიცდია, მოგონილი სახე გამოგვეძერწა. სირთულე ის გახლდათ, რომ რაც მეტ დუბლს ვიღებდით ბიჭის მონაწილეობით, მით მეტად პროგნოზირებადი ხდებოდა ის. ამიტომ, როგორც წესი, პირველ-მეორე დუბლს ვიყენებდით.
— ღელავდით თუ არა გერმანელი მაყურებლის მოსალოდნელი რეაქციის გამო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანა ფილმში აღწერილი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო?
— რასაკვირველია, ჩვენს ფილმში გერმანელი ჯარისკაცების როლებს გერმანელები ასრულებენ. რუსეთში ზაფხულში სტუდენტური პროგრამებით იყვნენ ჩამოსული და ჩვენ ისინი ძალიან ხელსაყრელ მომენტში „გამოვიჭირეთ“. იმ ენასთან მუშაობა, რომელსაც თავად არ ფლობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ინტონაციურად კი შეგიძლია რაღაცას მიაღწიო, მაგრამ შინაარსობრივად შეცდომების დაშვებისგან არ ხარ დაზღვეული. ძალიან ვღელავდი გერმანული დიალოგების გამო, არ ვიცოდი, როგორ აღიქვამდნენ და შეაფასებდნენ მათ გერმანიაში, იქნებოდა თუ არა ის მაყურებლისთვის დამაჯერებელი თუ ისეთივე გამოვიდოდა, როგორიც რუსეთზე გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებშია ხოლმე.