წარმატებულ ქართველ მეცნიერ-ემიგრანტებს საქართველოში პირველ სამეცნიერო ფორუმზე მოიწვევენ

საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეცნიერო სფეროს განვითარებაა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში პირველი სამეცნიერო ფორუმის გამართვა დააანონსა, რომელიც უშუალოდ სამეცნიერო სფეროს განვითარების საკითხებს განიხილავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო

„ვფიქრობთ, მოვიწვიოთ საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი მეცნიერები და ის ინსტიტუციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად შემოგვრჩა, რათა ვიმსჯელოთ, რა როგორ უნდა განვავითაროთ. ჩვენ სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ ხედვა შევიმუშავოთ", – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სფერო მეცნიერების გარეშე ვერ განვითარდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობენ მდიდარი ეკონომიკის ქვეყნები, სადაც განათლებაში მილიარდები იხარჯება, მაგრამ იმის გამო, რომ მეცნიერება ვერ ვითარდება, შედეგი ძალიან დაბალია.

ზუსტად როდის გაიმართება ფორუმი, ჯერჯერობით უცნობია.

განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების სფეროს განვითარებისთვის იგეგმება ევროპული კვლევების საბჭოს სტანდარტების, ბლოკჩეინისა და 3D-ტექნოლოგიების დანერგვა. გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასებისას.

სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე – ELSEVIER წვდომას.

ჩიჩუა: მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ იბადება ადამიანი ცაცია

განათლების რეფორმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი Georgian Science-ის გამოცემა. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები იქნებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ისე უცხოელი მეცნიერები.

ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად იგეგმება 1000 ლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიის დაწესება. გარდა ამისა, ხშირად გაიმართება ასაკის შესაბამისი სამეცნიერო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები.

საქართველო 2019 წელს შეუერთდა ევროკომისიის პროექტ EURAXESS-ის საერთოევროპულ ინიციატივას, რომელიც პროფესიონალ მეცნიერებს უჭერს მხარს.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება პორტალი EURAXESS-Georgia, რომელიც ინტეგრირებული იქნება EURAXESS-ის პანევროპულ ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს 40 ქვეყანაზე მეტი.