თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2019-2020 წლებში ოთხ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს დააფინანსებს – კონკურსის გამარჯვებულებს შორის ქართული კინოს მეტრებიც არიან.
დაფინანსების კონკურსზე სულ 21 განცხადება შევიდა. აქედან მეორე ტურში გადავიდა რვა პროექტი. საბოლოოდ ექსპერტთა კომისიამ არჩევანი ოთხ ფილმზე შეაჩერა, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
გამარჯვებულთა სია ასეთია: „სად მიდის ლიზა (ქართულ-აფხაზური დღიურები)" - რეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯანელიძე; „თხილი" - რეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი გიორგი კეკელიძის თანაავტორობით; „ცივი ღრუბლები" - რეჟისორი და სცენარისტი კახაბერ კიკაბიძე და „ტერცო მონდო" - რეჟისორი და სცენარისტი მერაბ კოკოჩაშვილი.
გამარჯვებული ფილმების გადასაღებად თითოეულისთვის გამოიყოფა 300 ათასი ლარი. დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული პროექტის ავტორთან შეთანხმებით.