თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველომ გადაწყვიტა მაღალი პროცენტების გამო უარი თქვას საკრედიტო შეთანხმებაზე ევროპის საინვესტიციო ბანკთან 100 მილიონ ევროზე. საკითხი საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)" ხელი 2016 წელს მოეწერა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო.
"მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა", – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთან მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
კაკაურიძის თქმით, საკრედიტო შეთანხმების გაუქმებაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. თუმცა ამის ნაცვლად ახლა ცდილობენ ხელი მოაწერონ ახალ შეთანხმებას მელიორაციის ინფრასტრუქტურის პროექტზე, რათა ეს ფული იქით მიიმართოს. ამ პროექტზე ახალი შეთანხმება გაფორმდება.
საპარლამენტო კომიტეტმა შეთანხმების გაუქმება მოიწონა.
„ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9%-იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ, საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და, ცოტა არ იყოს, მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
საქართველო EIB-ს დახმარების მიმღები სიდიდით მეორე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის ათი წლის განმავლობაში ბანკმა ქვეყანას 1,3 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო. კერძო სექტორს EIB-მ 215,8 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება გამოუყო.