თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

ინტერნეტმა და, კერძოდ, სოციალურმა ქსელებმა ბევრს მისცა შესაძლებლობა, რომ მანამდე დაფარული ნიჭი გამოევლინა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წიგნის დაბეჭდვა ან გამოფენის მოწყობა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, ბევრისთვის ეს გზა ყველაზე გამართლებული და მისაღებიც აღმოჩნდა.
Sputnik

წარმოიდგინეთ, რამდენი ნიჭიერი ადამიანი დარჩებოდა დღეს ჩრდილში ისე, რომ მათ შესახებ ვერავინ გაიგებდა...

ასე გაიცნო მკითხველმა სამი წლის წინ სოციალურ ქსელებში არდაშელ თაქთირიძე, რომლის საინტერესო მოთხრობები და ნოველები მკითხველმა უცებ აიტაცა და შეიყვარა.

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

ამ ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება თბილისელი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი გიორგი თაქთაქიშვილი აღმოჩნდა. როგორც ამბობს, სკოლაში თემაც არ ჰქონდა დაწერილი, თუმცა მხატვრული ლიტერატურა ყოველთვის უყვარდა და სხვადასხვა ამბებს ზეპირად თხზავდა. ფსევდონიმით გამოქვეყნებული მწერლის თაყვანისმცემლებს შორის მისი მეუღლეც აღმოჩნდა, რომელმაც ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც მისმა მოწონებულმა მწერალმა სოციალური ქსელების გვერდზე საკუთარი ფოტო ატვირთა...

– ბატონო გიორგი, პირველად როდის „არ მოგასვენათ“ არდაშელ თაქთირიძემ, ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, როდის გამოუშვით ჯინი ბოთლიდან?

– არდაშელ თაქთირიძემ არ მომასვენაო, ვერ ვიტყვი. უფრო მე არ მოვასვენე, დიდი ხნის წინ მარადისობაში გადასული შორეული წინაპარი გამოვაღვიძე და ჩვენი დროის ქარტეხილისთვის გავიმეტე. ხუმრობა იქით იყოს და ერთი პერიოდი გამომცემლობას ვხელმძღვანელობდი, გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს გამოვცემდით. მასალები რომ მოჰქონდათ, ვკითხულობდი, თან გონებაში ვიაზრებდი, ამას მე როგორ დავწერდი. თუმცა წერა მაშინ არ დამიწყია, რაღაც თამაშივით იყო, ვერთობოდი.

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

– ასეთი „თამაშის“ რომელიმე საინტერესო ეპიზოდი ხომ არ გახსენდებათ?

– ამ სამი წლის წინ მე და მეუღლე ბორჯომში მანქანით მივდიოდით. გავიარეთ დიდი რენე, პატარა რენე... რენეს შესახებ ისტორია თუ იცი–მეთქი, ვკითხე ცოლს და დავიწყე ამბის მოყოლა შეყვარებულ გოგო-ბიჭზე, პირდაპირ ვუყვებოდი, დაუფიქრებლად. ისეთი კარგი ამბავი გამოვიდა, რომ ცოლმა დაიჯერა. მალევე გამოვუტყდი – მოგატყუე-მეთქი. ბორჯომიდან რომ ვბრუნდებოდით, იმავე ადგილზე, სოფელ რენესთან იმ ამბის გაგრძელება მოვუყევი. ისიც დაიჯერა. რა თქმა უნდა, მალევე გამოვუტყდი, რომ ისევ მოვატყუე. სახლში რომ მივედით, ამ ამბის დაწერა მომინდა. ნოველაში შემოვიყვანე მეთევზე ბიჭი, რომელსაც მამა და ბიძა უყვებიან რენეს ამბავს. მონათხრობი ბიჭზე ისე მოქმედებს, რომ მის გონებაში წარსული და აწმყო ერთიანდება. ნოველას „ნადარბაზევის ტბა" დავარქვი და ინტერნეტში დავდე არდაშელ თაქთირიძის ფსევდონიმით. ამას მოჰყვა სხვა ნოველები. მალე ჟურნალი „თბილისელები" შემეხმიანა და დაიწყო ჩემი ნოველების ყოველკვირეულად ბეჭდვა. ორი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა ნოველები ჟურნალში, ერთი ნომერი არ ჩამიგდია. ამიტომ, ჯინის ბოთლიდან გამოშვების რა მოგახსენოთ, მაგრამ სული კინაღამ ამოვუშვი...

– ეს ფსევდონიმი რატომ შეარჩიეთ?

– ამბავი ასეთია: XVI საუკუნეში სამცხედან ქართლში გადმოსული თაქთაქ თაქთირიძის შვილები – არდაშელი და ელიზბარი ორი გვარით იწერებოდნენ – თაქთირიძე-თაქთაქისშვილებად. არდაშელი იყო პირველი თაქთაქიშვილი – ჩემი შორეული წინაპარი.

მართალია, ნოველებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ ყველა ისინი ჩემი სულის ნაწილია, ჩემთან ერთად ცოცხლობენ და ვისურვებდი, როცა მოვკვდები, ჩემთან ერთად არ დაიმარხონ.

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

– საინტერესოა, ინჟინრის პროფესიას როგორ მოარგეთ ასეთი ემოციური ნატურა?

– რა სჭირდება მწერალს? – უშრეტი ფანტაზია, რკინის ლოგიკა, დიდი ემოცია და სიტყვების მარაგი. რატომღაც არასწორი წარმოდგენა აქვთ, თითქოს ტექნიკოსი პრაგმატული არსებაა, მხოლოდ თეორემებით ცხოვრობს, არც ფანტაზია აქვს, არც ლოგიკა და არც ემოცია. სინამდვილეში პირიქითაა. ალბერტ აინშტაინს რამხელა ფანტაზიის უნარი ჰქონდა, რომ საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას. ან კიდევ ნილს ბორის მიერ ატომის პლანეტარული მოდელის შექმნა... ელექტრიკოსები ხომ ყოველდღიურად "აკვირდებიან" სადენებში და ნახევარგამტარებში დენის მოძრაობას, რომელიც არ ჩანს, უნდა წარმოიდგინო. ელექტრონიკაში და გამოთვლით ტექნიკაში აუცილებელია ბულის ალგებრის ცოდნა, რაც მთლიანად ლოგიკაზეა დაფუძნებული. ემოცია კი ტექნიკოსებს იმხელა გვაქვს, რომ ნებისმიერ ხელსაწყოს "გადაშკალავს". პოლიტექნიკურის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით (ელექტრონიკა) კვლევით ინსტიტუტში გამანაწილეს. ცხრა წელი კონსტრუქტორად ვიმუშავე, რობოტებს ვქმნიდით. შემდეგ ქვეყანა აირია და ბიძაჩემის სტამბაში დავიწყე მუშაობა. მერე იყო გამომცემლობა. ახლა სასტუმროების ბიზნესით ვარ დაკავებული.

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

– როგორ ფიქრობთ, რატომ გახდით პოპულარული?

– ვცდილობ აზრი ნათლად გადმოვცე, თან სიტყვების მცირე რაოდენობაში ისე ჩავტიო, რომ მკითხველის დროს და თვალებს გავუფრთხილდე. არ მიყვარს არაფრისმთქმელი და ჩახლართული წინადადებები. აზრის ერთ სიტყვაში ჩატევა რომ იყოს შესაძლებელი, ჩემ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

– ყველაზე უჩვეულო შეფასება ან კომენტარი რომელი იყო?

– ერთ-ერთ ნოველაზე კომენტარი დამიწერეს – ბოლომდე წავიკითხე, სიმართლეა, ცრემლიც წამომივიდა, მაგრამ მაინც არ მომეწონაო. მე მივწერე – ქალბატონო, თუ ნაწარმოებმა თავი ბოლომდე წაგაკითხა, ჭეშმარიტებაც დაგანახა და ცრემლიც გაღვრევინა, მეტს რას ითხოვთ ნახევარგვერდიანი ნოველისგან, სარეცხს ხომ ვერ დაგირეცხავდათ-მეთქი. ეს გამახსენდა, თორემ იმდენია, რომ მოვყვე, თქვენი ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

– თქვენი გმირების პროტოტიპებს თუ უცნიათ საკუთარი თავი?

– ვცდილობ ისე დავწერო, რომ ახლობლებმა მათში საკუთარი თავი არ ამოიცნონ, თუმცა სახელებზე მედავებიან: „რაღა ზურა დაწერე?"; „ვინ ლევანი გყავს მხედველობაში?"; „არ შეგიძლია დათო სხვა სახელით შეცვალო?" და სხვა მრავალი.

– მწერლობას უამრავი განმარტება აქვს, თქვენთვის რომელია ყველაზე მისაღები?

– მომწონს ოდნავ შეცვლილი უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამი: „მწერალმა უნდა ამოწუროს თემა და არა მკითხველის მოთმინება".

თამაშით დაწყებული გატაცება და ფსევდონიმს ამოფარებული მწერალი, ანუ გეშინოდეთ თქვენი ოცნების

– გაქვთ პასუხი კითხვაზე: როგორ აქციოს ადამიანმა ოცნება რეალობად?

– ჩვენი ტვინი იმდენად შეზღუდულია სამგანზომილებიანი სივრცით, რომ ამ სივრციდან ოცნებაშიც ვერ გამოვდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იოცნებებს ისეთ რამეს, რისი ასრულებაც შეუძლებელია. ამიტომ „გეშინოდეთ თქვენი ოცნების, რადგან ის შეიძლება ახდეს!" ხშირად გამიგია, „ადამიანს ბედნიერებამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებს“... არაფერიც! მე ბედნიერი ვარ! ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ გვერდში მიდგანან ცოლი, შვილები, რომ მახვევია შვილიშვილები. ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ თქვენ – ჩემი მკითხველი!

– რა არის მწერალ არდაშელ თაქთირიძის მთავარი სათქმელი?

– ჩემი ნოველებით ვცდილობ, რომ წინა პლანზე წამოვწიო ის სულიერი, რაც დღევანდელმა ყოფამ ჩვენში ჩამალა. გვიყვარდეს, შევეწიოთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და საქართველო გაბრწყინდება...