ბათუმსა და ტალინს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

რეისებს ლატვიური ავიაკომპანია SmartLynx Airlines შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. პირდაპირი რეისების შესარულება ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში 2019 წლის ზაფხულში დაიწყება. ასეთი ინფორმაცია გაავრცელა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ის თავის გვერდზე.

ტალინი–ბათუმი–ტალინის რეისებს ლატვიური ავიაკომპანია SmartLynx Airlines შეასრულებს.

საქართველოში ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობა მეოთხედით გაიზარდა

„პირდაპირი რეისები ევროპიდან კიდევ უფრო გაზრდის ევროპელი ტურისტების ნაკადს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

რეისების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა განიხილეს საერთაშორისო ტურისტული გამოფენა–ბაზრობის TOUREST 2019 ფარგლებში, რომელიც ტალინში მიმდინარეობდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 598,8 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 20,8%-ით მეტია.