საქართველოს ეუთოს თავმჯდომარე ეწვევა

საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება, მიაჩნიათ საგარეო საქმეთა სამინისტროში
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10-11 თებერვალს ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი, იუწყება ტელეარხი Imedi საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს თავმჯდომარე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები საქართველოს და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საქართველო ორგანიზაციის  პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.