შსს–მ გურიაში ორი ადამიანის მკვლელობისთვის  ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ მამაკაცი  8 თებერვალს, მაშინ დააკავა, როდესაც იგი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კახა მეგრელიშვილი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთში ავტომობილში ორი მამაკაცი ჩაცხრილეს

პოლიციამ მეგრელიშვილი 8 თებერვალს, მაშინ დააკავა, როდესაც იგი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.

დაკავებულმა 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

საქმე ეხება გახმაურებულ მკვლელობას, რომელიც გურიაში 2017 წლის 20 ივლისს მოხდა. მოკლულები წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე არიან. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფოცხიშვილი „კანონიერი ქურდის“ გურამ ფოცხიშვილის შვილიშვილი იყო.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მეგრელიშვილის ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.