ბესელიას ვიდეოს გამავრცელებელი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოს მთავარმა გამავრცელებელმა საქართველო მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში დატოვა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-მ სომეხ კოლეგებთან და სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელმაც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

შეუცვლელი არავინ არის - „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შედეგები >>

სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება-გავრცელებისთვის სოციალური ქსელისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით 17 პირი დააკავეს. მათგან სამი პირი, მათ შორის ის, ვინც ვიდეო Youtube-ზე ატვირთა, სასამართლოს განაჩენს საპატიმროში ელოდება.

შსს ბესელიას სკანდალური ვიდეოს საქმის გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორებს ჩართავს

ვიდეოს მთავარი გამავრცელებელი ბოლო დრომდე იძებნებოდა.

შსს-მ დაადგინა, რომ სკანდალური ვიდეო Facebook-ზე იანვარში არაერთხელ ატვირთა მომხმარებელმა სახელად buba lomtatidze. ეს არის საქართველოს მოქალაქე დ. ი., რომელიც სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მან მეუღლესთან ერთად საქართველო 2016 წლის ნოემბერში დატოვა.

„ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „სამსუნგის“ (SAMSUNG) მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

„მორალური ტერორის მცდელობა" – წულუკიანი ბესელიას შესახებ ვიდეოს გავრცელებაზე >>

თავად ბესელიას განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის სისხლის სამართლის საქმის მასალებში ინახებოდა. მაშინ სხვადასხვა პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში აიტვირთა და ეს ჩანაწერები ბევრმა ადამიანმა ნახა. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ანუ 2012 წლამდე გაჩნდა, იმდროინდელ ოპოზიციონერებზე კომპრომატის სახით.

„გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.