თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართლდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სომხური წარმოების სხვადასხვა დასახელების 57 ბოთლი უაქციზო კონიაკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ამოღებული ალკოჰოლური სასმელის საერთო საბაზრო ღირებულება 3 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.