თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში „ღორის გრიპის" ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მობილური ჰოსპიტლების გახსნა გადაწყვიტა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
საქართველოში ვირუსული დაავადებების გავრცელების სეზონია. განსაკუთრებით საშიშია H1N1 – ე.წ. ღორის გრიპი, რომლის გართულების შედეგად საქართველოში 22 ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანული გამოცემა იუწყება, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე – „წითელი ხიდი", „სადახლო", „ბეიუქ ქესიკი" და „მაზიმჩაი" იმუშავებს მედპერსონალი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოგზაურებსა და მებაჟეებს დროულ დახმარებას გაუწევს.
მედპუნქტები აღჭურვილია ავტომატური დეფიბრილატორებით, სამკურნალო პრეპარატებითა და პირველი დახმარების სხვა საშუალებებით. მობილურ ჰოსპიტალში არის შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ერთდროულად ორი მწოლიარე ავადმყოფის ჯანმრთელობას.