თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამოძიება წვევამდელი ელჯან ეფენდიევის ცემის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი სასწავლო ცენტრში ოთხშაბათს, საღამოს მოხდა. ეფენდიევი და მისი მშობლები ამტკიცებენ, რომ ის ნაცემია.
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტს საქართველოს ომბუდსმენი შეისწავლის >>
ეფენდიევი კრწანისში ალგეთის სამხედრო ბაზიდან გადაიყვანეს, სადაც მან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარა.
„სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ან მისი იძულება.
„ამ ეტაპზე, მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს ადასტურებს კლინიკა „რუსთავში" ჩატარებული კვლევებიც, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წვევამდელს ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამ შემთხვევაშიც ძალადობის რაიმე კვალი არ გამოვლენილა.