თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი მოიწამლა

კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უბედური შემთხვევა ხეთაგუროვის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით, ოჯახი აკრძალულ, ღია წვის კამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდა. სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სავენტილაციო არხებიც შეამოწმეს.

თბილისში „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

„გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქცია და გააფრთხილეს, რომ არ გამოიყენოს აღნიშნული დანადგარი", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ–თბილისის" განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის სპეციალისტებს მობინადრეები უარს ეუბნებიან მათ ბინაში გაზდანადგარების შემოწმებაზე და სახლში არ უშვებენ. კომპანიის მტკიცებით, პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ეს მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს.

„ყაზტრანსგაზ თბილისი" მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაზის დანადგარების გამოყენებას. არ გამოიყენონ აკრძალული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები... გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია", – აღნიშნულია განცხადებაში.

2018 წელს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა თბილისში საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ექვსი ადამიანი მოიწამლა

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. გარდა ამისა, ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გორშიც. ერთი კვირის წინ კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კვალიფიციური კომპანიების მიერ წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.