თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილით მოძრაობისას გადამოწმების მიზნით გააჩერეს. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და რვა ვაზნა, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.