რატომ დააჯარიმეს გურჯაანის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით

საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში დარღვევები აღმოაჩინეს
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით დაჯარიმდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამის მიზეზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში არსებული დარღვევები გახდა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რა ცვლილებები შევიდა თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების რაციონში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გეგმური შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ საბავშვო ბაღის კვების ბლოკში მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, არ მუშაობდა ვენტილაცია და კედლებიდან ბათქაში ცვიოდა. ამის გამო ბაღი დახურა.

აღნიშნული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდა და სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

მერიაში განაცხადეს, რომ ბაღის შენობის ჩაბარების დროს რაიმე სახის ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

„კომპანიას, რომელმაც ბაღში რეაბილიტაცია ჩაატარა, აქვს ვალდებულება რეაბილიტაციიდან ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემები თავად მოაგვაროს. მაშინ როცა ეს ბაღი ჩავიბარეთ პრობლემები არ ფიქსირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, რის გამოც ორთქლმა კედლები და საღებავი დააზიანა, შედეგად კი ნალესი ფენა ჩამოცვივდა", - განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.

ბაღის რეაბილიტაციაზე ჯამში 25 000 ლარი დაიხარჯა.

გურჯაანის მერიაში ვარაუდობენ, რომ ბაღში სააღმზრდელო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.