თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მარნეულში ე.წ. „ღორის გრიპით" 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში „ავერსის" კლინიკაში 16 იანვარს შეიყვანეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა H1N1 ვირუსი დაადასტურა. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა ას ათას ადამიანზე 211-ს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როცა ეს რიცხვი მინიმუმ 450 ადამიანს აღწევს. ამ სეზონზე H1N1 ვირუსით 21 ადამიანი დაიღუპა. დაავადების შემთხვევები მცირდება, თუმცა გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ ცირკულირებს.
სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.