პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლო წააგო

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წინააღმდეგ პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხებოდა.

რატომ ესროლეს მაჩალიკაშვილს - ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა>>>

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით 2018 წლის დასაწყისში მიმართა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებებით დაირღვა თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ოჯახმა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით 12 ათასი ლარი მოითხოვა.

სუს-მა რეგიონებში სამსახურების ხელმძღვანელები შეცვალა

„ჩვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებებით თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია არანაირად არ დარღვეულა", – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა დავით ბერძულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავს, იურისტთან ერთად სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია კონსტიტუციით რეგულირდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1999 წლიდან შეუერთდა, თითოეული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირი უდანაშაულოდ ითვლება იმ დრომდე, ვიდრე მისი დანაშაული კანონის შესაბამისად არ დადგინდება.