პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა, მუზეუმად აქციონ

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის სასახლის მომავალი ბედის ერთ-ერთი ვერსია დაასახელა
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტები სამი დღე ყარაულობდნენ ზურაბიშვილის სახლს და ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს >>

ავლაბრის რეზიდენცია 2018 წლის დეკემბერში დაიცალა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მან მუშაობა ათონელის ქუჩაზე მდებარე, უფრო მოკრძალებულ სასახლეში ირჩია.

„ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები. შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი, მაგრამ საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიყვანო, დავაკონკრეტებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია იმ ვერსიებს შორის, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ფონდიდან ერთ წელიწადში თითქმის 5 მილიონი ლარი დახარჯა

მანამდე ვარაუდობდნენ, რომ შენობას დაერქმეოდა „რესპუბლიკის სასახლე“ და იქ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მიღებები გაიმართებოდა. სხვა ვერსიით, იქ შეიძლება გადასულიყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამჟამად ბათუმში ფუნქციონირებს. ერთ-ერთ ვარიანტად პრივატიზება განიხილებოდა.

პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია თბილისის ისტორიულ უბანში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სასახლის პროექტზე მუშაობდა რამდენიმე არქიტექტორი, პროექტის ავტორია გიორგი ბათიაშვილი, თუმცა შენობა დაასრულა იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ, რომელმაც მოგვიანებით თბილისში „მშვიდობის ხიდი“ ააგო.

კლასიკური სტილის პომპეზურ შენობას ამშვენებს დიდი გუმბათი, ბერძნულ-რომაული სტილის და იტალიური რენესანსის ელემენტები. სასახლის მშენებლობა 5 წელს გაგრძელდა და 13 მილიონი ლარი დაჯდა.