ქართული დიპლომები, შესაძლოა, ევროპაში აღიარონ

მთავრობა ორი წლის განმავლობაში განათლების ახალი სტანდარტების დანერგვას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები ევროპაში აღიარონ, ამისათვის უწყებამ შეიტანა განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის გარანტიის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) წევრობაზე.

საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას შეეხება. რეფორმები ოთხ წელს გაგრძელდება და მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად იქცეს.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება >>

განათლების სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ მარტში საქართველო ENQA-ს წევრი გახდეს. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის შესვლა „ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპულ კონსორციუმში“ (ECA). ეს საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში გაცემული ყველა დიპლომი ევროპაში აღიარონ.

მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

 „ENQA არის ერთგვარი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ეფექტურად დანერგავს ხარისხის განვითარების ევროპულ წინაპირობებს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ENQA-ს გავწევრიანდეთ. ეს იქნება დასტური იმისა, რომ დავიწყეთ ევროპული სტანდარტების ამოქმედება და მათი ეფექტური დანერგვა. ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით გავლენიან ევროპულ ინსტიტუციებთან, რომლებიც ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ორი წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო ქვეყნის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აპირებს დანერგოს ევროპული სტანდარტი, რომელიც ქვეყანას განათლების ხარისხის ახალ დონეზე გადაიყვანს.

„ორშაბათიდან გადავდივართ კონკრეტულ გეგმებზე, რადგან ჩვენი მიზანია, 2 წლის განმავლობაში, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენი სამინისტრო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს ყველანაირ მხარდაჭერას გაუწევს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დიპლომების გაყალბების ბრალდებით ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს >>

ბატიაშვილის თქმით, სტუდენტები საქართველოში უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ პრივილეგიით, რომელიც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს.

„საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა ვიხილოთ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ცვლილებები რაც რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ერთად გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინიტრი მიიჩნევს, რომ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება არ იქნება მარტივი, თუმცა ეს არის რეალური და მიღწევადი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ბატიაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი კომისრების მხრიდან გააჩნია სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქვეყანას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გაწევრიანებაში დაეხმაროს.